„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

კომპანია „მპ დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 3 მილიონი ევროსა და 5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ევროს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი – 7.75%-ით, დოლარის ობლიგაციების კი 8.75%-ით განისაზღვრა.

ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.

ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება.

„მპ დეველოპმენტი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ბენეფიციარია.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობა. „პროგრამის თანახმად, კომპანიებს საშუალება აქვთ მიიღონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება. თანადაფინანსება მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნულ პროგრამაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ს ფინანსური ინოვაციების პროგრამა რომელიც სააგენტოსთან ერთად ფარავს განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს“ – აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ. მისი თქმით, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის მიმართულებით, 2024 წელს დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.

„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ობლიგაციების სადებიუტო გამოშვებამ წარმატებით ჩაიარა, მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას საგრძნობლად გადააჭარბა. მსურს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი კომპანიის გუნდს, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, თიბისი კაპიტალს და გალტ & თაგარტს. მნიშვნელოვანია ჩვენი ობლიგაციონერების როლი და მათი გამოხატული ნდობა ჩვენი კოპანიისადმი. ,,მპ დეველოპმენტი“ არ აპირებს გაჩერებას და მომავალში აუცილებლად კვლავ შევთავაზებთ ბაზარს ჩვენს ობლიგაციებს“, – პაპუნა კაციტაძე, „მპ დეველოპმენტი“-ის დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ „მპ დეველოპმენტის“ და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციები ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კაპიტალის ბაზარი ვითარდება და კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფასიანი ქაღალდები თანადაფინანსებით გამოუშვან. ჩვენ ერთად ვუწყობთ ხელს ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების შექმნასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია ინვესტორების კომპონენტიც – აღნიშნული ემისიით, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვიმედოვნებთ, რომ პროგრამის მხარდაჭერით, არაერთი კომპანია ასეთივე წარმატებით ისარგებლებს”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„გალტ & თაგარტისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირება უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით „მპ დეველოპმენტის“ მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას ხელი შეუწყო. „მპ დეველოპმენტის“ ემისიის მიმართ ინვესტორების მაღალი დაინტერესება კი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას უსვამს ხაზს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ
„მპ დეველოპმენტთან“ და „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად, ბაზარს კიდევ არაერთ წარმატებულ გარიგებას შევთავაზებთ“, – აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე.

 

„მპ დეველოპმენტი“ ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონების პორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართ სადგურს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…